საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი NDI 21 მარტს ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გამოაქვეყენებს. როგორც NDI-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს კვლევა პირველია მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
"ეს კვლევა საინტერესოა, რადგან ჩვენი ბოლო კვლევა სექტემბერში გამოქვეყნდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. საინტერესოა, თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის პრიორიტეტები და ინტერესები", - აღნიშნა ლუის ნავარომ.
მისი თქმით, კვლევის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს ჰქონდეთ იმის სურათი, თუ რა წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული კვლევის შედეგები 21 მარტს გამოქვეყნდება და მისი პრეზენტაცია თბილისის შემდეგ ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში გაიმართება.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით, NDI მას პარტიებს ტრადიციულად, პირისპირ შეხვედრების დროს გააცნობს.