19 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის" ფარგლებში შექმნილი სტუდენტთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილე ჯოაკიმ პარკერი და IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი დაესწრნენ.
ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „დემოკრატია და მოქალაქეობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, ამდენად მნიშვნელოვანია ამ კურსის წაკითხვა უნივერსიტეტში, ამ კუთხით მისასალმებელია სტუდენტების აქტიური მონაწილეობა. ეს პროგრამა მათ დაეხმარება, რომ ჩამოყალიბდნენ როგორც კარგი მოქალაქეები, პატრიოტები ".
საქართველოში USAID- ის მისიის დირექტორის მოადგილემ ჯოაკიმ პარკერიმ აღნიშნა, რომ ეს პროგრამა წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას. ეს პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი და დემოკრატიული ურთიერთობების განვითარებას საქართველოში.
IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელის ნერმინ ნიშიჩის განმარტებით, 2011 წლიდან USAID-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) ინიციატივით საქართველოს 6 უნივერსიტეტში (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) დაინერგა კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა". ინიციატივა ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების საკითხების ხარისხიანად შესწავლას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას.
კურსის მიზანია სტუდენტებმა გამოიმუშავონ სააზროვნო უნარები, საბაზისო სამოქალაქო ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით აღჭურვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კურსი ორიენტირებულია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მის პრაქტიკაში რეალიზებაზე.