ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანის და პარიზის მოდის ჩვენებებზე დიზაინერებმა განაცხადეს, რომ შემოდგომა-ზამთრის წამყვანი ფერი კვლავ შავი იქნება , ხოლო რეტროს 1950-იანი წლების სტილი გაცილებით აქტუალური გახდება.
მოდის სეზონი, რომელმაც სტარტი 9 თებერვალს ნიუ-იორკში 2012-2013 შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებით აიღო, 7 მარტს პარიზში მოდის კვრეულით დასრულდა.
მილანში მოდის კვირეულზე Jil Sander სახლის ხელმძღვანელობამ რაფ სიმონსის წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 44 წის ბელგიელს Jil Sander სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობა ეკავა.
მას შემდეგ, რაც Dior-იდან ჯონ გალიანო სკანდალით გაათვისუფლეს, ხოლო მარჯ ჯეიკობსმა Luis Vuitton-დან Dior-ში გადასვლაზე უარი განაცხადა, სიმონსი ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, მოდის ინდუსტრიის კანონმდებელის, მთავარი პრეტენდეტი გახდა.
ახალი კონტრაქტების ხელმოწერაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა მილანში გამართულ შოუზე ფეხზე წამომდგარმა მაყურებელმა მას ოვაციები მოუწყო. დასავლეთის მოდის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ მოდის ინდუსტრიის მრავალწლიან ისტორიაში პირველად იყო. სხვა მხრივ, მოდის "დიდი ოთხეულის" კვირეულმა ყოველგვარი სენსაციის გარეშე ჩაიარა - დიზაინერებმა კვლავ ძველი მასალა გაიმეორეს და დამაჯერებლად დაამტკიცეს, რომ ყველა ახალი, სხვადასხვა ხარისხით დავიწყებული ძველია.