"ჯონ ბასის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის პარტიული ორგანიზაციის კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ საქართველოში კანონი არსებობს და გავიდნენ კანონის სივრციდან.
"პირადად ჩემი დაბარება ვერ გაბედეს, მაგრამ ჩემი წარმომადგენლები დაიბარეს და უკვე გამოწერეს 4 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა. მინდა, მივმართო მოსახლეობას: მაინც ვაპირებდი, რომ ფული, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ კრებს ჩემი ორგანიზაციებიდან, ქვეყნისთვის მომეხმარებინა და ძალიანაც მიხარია, რომ ეს ფული მოსახლეობას მოხმარდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ახერხებს ფულის მოკრებას, მაქსიმალურად კარგად აჩვენებს ხელისუფლების სახეს. ივანიშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ იგი კმაყოფილია.
"ჩემთან დამოკიდებულებაში ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოააშკარავა საკუთარი სახე და ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპა თუ საქართველო. პრაქტიკულად ხელისუფლებამ ნიღაბი მოიხსნა", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეწუხებულია. ამგვარი შეფასება ელჩმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში-ში თავის გვერდზე ორი დღის წინ გააკეთა.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - აღნიშნა ჯონ ბასმა.