ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიას ახალი ექსპონატი შეემატა. 13 მარტს ალგეთის წყალსაცავთან, კოდის გზაზე გათხრილ ქვაყუთში (აკლდამა) თავის ქალასთან ერთად ჩონჩხიც აღმოაჩინეს, თუმცა, ჩონჩხის ტრანსპორტირება ჯერ ვერ მოხერხდა. არქეოლოგთა დათარიღებით, თავის ქალა დაახლოებით მე-5 საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც კომპლექსურ _ არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და პალინოლოგიურ შესწავლას საჭიროებს ანთროპოლოგიურ ლაბორატორიაში.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ლია ბითაძის განცხადებით, თავის ქალის ფორმის, ეპიგენეტიკური ნიშნების შესწავლით დადგინდა, რომ თავის ქალა ეკუთვნის 40 წლამდე ასაკის მამაკაცს. ამ ტიპის თავის ქალები დამახასიათებელია ადრეული შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არეალში ცხოვრობდნენ. ბითაძის ინფორმაციით, ჩონჩხის შესწავლა დამატებით რამდენიმე ინფორმაციას მოგვცემს, რაც იმდროინდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ მეტ საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის.
ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია უნიკალურია და ის ერთადერთია კავკასიის რეგიონში. აქ წარმოდგენილია უმდიდრესი კრანიოლოგიური კოლექცია (3 ათასამდე თავის ქალა) ენეოლითის ხანიდან (ძვ.წ. მე-5-4 ათასწლეული) თანამედროვე პერიოდამდე.