მინდია გულუა მწერალ გურამ ოდიშარის ურჩევს, რომ "ქართულ ოცნებაზე" უარი თქვას. გულუა მწერალს მოუწოდებს დაფიქრდეს "რა უნდა მას იმ ორგანიზაციაში, რომლის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა არ იცის როგორ უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი".
"ვეკითხები ბატონ გურამს - რა უნდა მას იმ ორგანიზაციაში, რომლის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა არ იცის როგორ უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, როგორ უნდა გააერთიანოს საქართველო, რომელიც ლაპარაკობს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამაჩაბლო ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. გულდასაწყვეტია, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხების მიმართულებით „ქართულ ოცნებაში" არც გეგმა, არც რაიმე ფუნდამენტალური აზრი არ გამოთქმულა და ამ კუთხით წინსვლა არ არის. რას და ვის ველოდებით ბატონო გურამ, ბატონო ბიძინა, ხელისუფლების შეცვლამდე კონკრეტული გეგმა ან ამ გეგმის რაღაც მონახაზი ხომ მაინც შეიძლებოდა დამუშავებულიყო? ეს ხომ ყველამ იცის, რომ პრობლემების გადაწყვეტა დიალოგით უნდა დაიწყოს, მაგრამ როგორ? ეს გეგმა თქვენ სამწუხაროდ არ გაქვთ. ბატონო გურამ, მაშ რა აზრი აქვს თქვენს იქ ყოფნას, სადაც აფხაზეთის დაბრუნების კონკრეტული გეგმა არ არსებობს? თქვენ ზურგი აქციეთ ახალ პოლიტიკურ პარტიას „განახლებული საქართველოსთვის", რომელსაც გააჩნია კონკრეტული გეგმა და პროგრამა თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთის დაბრუნება და როგორ უნდა დაიწყოს საქართველოს გაერთიანების პროცესი"-, აცხადებს გულუა და დარწმუნებულია, რომ გურამ ოდიშარია თავად მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია რაიმე გეგმა ან მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და საქართველოში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.
"არ გიკვირთ ბატონო გურამ, რომ ბატონ ბიძინასთან და მის ორგანიზაციაში თითქმის არ არიან დევნილები პატარა გამონაკლისის გარდა? ეს იმიტომ, რომ დევნილების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ ბატონი ბიძინა თავად ფაქტიურად აღიარებს, რომ მას არ შეუძლია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება", - აღნიშნავს გულუა და გურამ ოდიშარიას დაფიქრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.