კონტროლის პალატასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდა.
ცვლილებების თანახმად, კონტროლის პალატას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დაერქმევა.
კანონპროექტით, აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა.
აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია უკვე შექმნა. იგი 25 წევრისგან შედგება. კომისიის ხელმძღვანელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია.