14 მარტს თსუ-ის სტუდენტებს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ განცხადება გაავრცელა.
"2012 წლის 14 მარტს პოლიციის მიერ დაფიქსირებული იქნა ფაქტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა, რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შსს აღნიშნავს, რომ ოქმით პოლიციამ სტუდენტებს მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და "გააფრთხილა ისინი, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს".
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი, "სტუდენტურ ბლოგზე" გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს. შესაბამის განცხადებას უსტარაშვილი და მისი მეგობრები აკეთებენ.
თავად უსტარაშვილი აცხადებს, რომ მას და მის მეგობრებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაახლოებით რვა კაცმა "გვერდზე გასვლა" მოსთხოვეს. "ძალის გამოყენებით ჩემი ორი მეგობარი გაიყვანეს მესამე კორპუსისკენ, მე მანამდე პატრულის გამოძახება მოვასწარი. სანამ მოვიდა ეკიპაჟი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მათგან ორის ამოცნობა შეგვიძლია", - აცხადებს უსტარაშვილი.
უსტარაშვილი ინცინდეტის ორ მონაწილეს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტს ბექა ახლოურს და თვითმმართველობის აქტივისტს დათო ხეჩიკაშვილს ასახელებს.
უსტარაშვილის მეგობარი ზვიად მამფორიას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც უსტარაშვილი და მისი მეგობრები აცხადებენ, უნივერსიტეტის დაცვა ინცინდეტის "აღმოფხვრაში" მხოლოდ პატრულის გამოჩენის შემდეგ ჩაერია.
თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სოციალურ ქსელში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოხდა პატულის გამოძახება და "ყველა ვიდეომასალას პატრულს გადავცემთ და სრულად დავეხმარებით გამოძიებას. იმედია, დაზარალებულები წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მისცემენ ჩვენებას პატრულს."