16 მარტს, 12:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ჟურნალისტებისა და მწერლებისთვის ახალი პროექტის, "კონკურს-სემინარის" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი გულისხმობს თანამედროვე თეატრის ფუნქციის გააზრებას კონკრეტულ ეპოქაში, ეროვნული დრამატურგიის წახალისებას, პირობების შექმნას ახალი თეატრალური ტექსტების შესაქმნელად და დაწერელი პიესების ფორმისეულ, სტილისტურ, ხარისხობრივ ანალიზს.
კონკურს-სემინარის სამუშაო თემად არჩეულია საქართველოსთვის მეტად საჭირბოროტო და გარკვეული თვალსაზრისით ტაბუირებული მოვლენა, კერძოდ - ძალადობა ოჯახებში და ძალადობა ქალებზე.
სემინარი ერთდროულად კონკურსიცაა და ერთგვარი პროფესიულ-ლაბორატირიული კვლევაც. თბილისს გარეთ 7 დღის განმავლობაში, ვიდრე შერჩეული ავტორები ტექსტებზე იმუშავებენ, მოეწყობა დისკუსიები (როგორც თემატური, ასევე პროფესიული), კითხვა და მოწვეულ სტუმართა მოხსენებების პრეზენტაცია. თანამედროვე დრამატურგიის სემინარების ჩატარება უნდა იქცეს ტრადიციად და ხელი შეუწყოს ახალი სახელების აღმოჩენას, ასევე ახალი საინტერესო თუ სოციალური თემების ახლებურად გააზრებას.
კონკურსს თანამედროვე მწერლებისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მარჯანიშვილის თეატრი აცხადებს.