Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაეცა. როგორც 12 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 2008 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა.
კვლევაში "გარდამავალი სახელმწიფოები 2009" სულ ყოფილი კომუნისტური ბლოკის 29 ქვეყნის დემოკრატიის ხარისხია შეფასებული. ქულები გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალი.
ჯამური მაჩვენებლის გამოყვანა ცალკეული კატეგორიების შეფასების შედეგად მოხდა, რომელთა შორისაა: საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, სასამართლო სისტემა და კორუფცია.
კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის კოეფიციენტი 4.93-ია. შარშანდელი ანალოგიური კვლევის თანახმად კი ის 4.79-ს შეადგენდა.
"მიუხედავად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიებისა, საქართველო რჩება ჰიბრიდულ სისტემად, სადაც პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილ პარლამენტს არ შეუძლია შეზღუდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციები", - ნათქვამია მოხსენების იმ ნაწილში, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებაზეა საუბარი.
"იმის გამო, რომ არ არსებობს პრეზიდენტის რეალური შეზღუდვების მექანიზმები; იმის გამო, რომ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას, ჩაერთოს დიალოგში ოპოზიციასთან, ხოლო რუსეთთან აგვისტოს ომთან დაკავშირებული შეკითხვები პასუხგაუცემელია, დემოკრატიული მმართველობის კატეგორიაში კოეფიციენტი 5.75-დან (შარშანდელ მოხსენებაში) 6.00-მდე გაუარესდა", - ნათქვამია მოხსენებაში.
საქართველოს მაჩვენებელი ასევე გაუარესდა საარჩევნო პროცესის კატეგორიაში 4.75-დან 5.25-მდე იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რომელზედაც ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნებში იყო აღწერილი 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ხარვეზები ხელისუფლებამ იმავე წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოასწორა.
მაჩვენებლების გაუარესება ასევე დაფიქსირდა სამოქალაქო საზოგადობის კატეგორიაში 3.5-დან 3.75-მდე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მრავალფეროვანმა და აქტიურმა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც 1990 წლების ბოლოს ჩამოყალიბდა საქართველოში, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იმპულსი დაკარგა.
ქულები უცვლელი რჩება მედიის თავისუფლების (4.25), ადგილობრივი თვითმმართველობის (5.5), სასამართლო სისტემისა (4.75) და კორუფციის (5.00) კატეგორიებში.
მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლევაში ნათქვამია, რომ მედიასივრცეში "დომინანტურ როლს ასრულებენ ის მედიასაშუალებები, რომელთა მფლობელებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს".
ადგილობრივი თვითმმართველობასთან მიმართებაში კვლევაში ნათქვამია, რომ დიდი ქალაქების მერების არჩევა არ ხდება პირდაპირი წესით.
"მოქალაქეები ხშირად აწყდებიან სირთულეებს, როდესაც სურთ დახმარება მიიღონ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ან მაშინ, როდესაც მათ სურთ მიიღონ ინფორმაცია იმ ადგილობრივი ინიციატივების შესახებ", - ნათქვამია მოხსენებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიერ "დისკრიმინაციის" შესახებ გამოთქმული პრეტენზიების უგულებელყოფას.
სასამართლო სისტემის შესახებ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა "ცოტა კონკრეტული ნაბიჯი იმ მოსაზრების გასაქარწყლებლად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და არა სასამართლო სისტემა, წყვეტს სასამართლო პროცესის ბედს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად არის კანონი, რომელიც არავის მიმართ არ არის ანგარიშვალდებული".
კორუფციასთან მიმართებაში, მოხსენება აკრიტიკებს ხელისუფლებას "შერჩევითი ანტიკორუფციული კამპანიის" გამო, რაც "ბევრის მოსაზრებით, არ ეხება პრეზიდენტის ახლო გარემოცვას".
საერთო ჯამში, Freedom House-ის მიხედვით, მოხსენებამ აჩვენა, რომ დემოკრატიის დონე შემცირდა იმ 29 ქვეყნის ორ მესამედში, სადაც კველა ჩატარდა.
კვლევაში ასახული რეიტინგები შედგა ორგანიზაციის, მისი მრჩევლების და ცალკეული ქვეყნების შესახებ მოხსენებების ავტორების კონსენსუსის საფუძველზე. საქართველოზე მოხსენების ავტორი ელიზაბეტ ფულერ კარლსონია.