"ქართული ოცნება" ხელისუფლებას მათი აქტივისტების ტერორში ადანაშაულებს.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი მიმდინარეობს და ამან მასობრივი ხასიათი მიიღო.
როგორც "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რეგიონებში მათ აქტივისტებზე გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ტერორი მიმდინარეობდა. მისი თქმით, მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ფინანსური მაქინაციების მუხლით ხდება.
"ჩვენს აქტივისტებთან მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავს აცნობდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლებად და დაკითხვაზე იბარებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელთაც "ქართულ ოცნებასთან" არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ, მოძრაობასთან მათი კონტაქტი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ "ქართული ოცნების" გაზეთებს არიგებდნენ და ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის განმარტებითაც, მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ფინანსური მაქინაციების მუხლით ხდება.
ხიდაშელი მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს მოკვლევა მოგელაძის მიერ მათი აქტივისტების დაკითხვის ფაქტზე, რადგან მისი თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.