გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრის მშენებლობის დროს, ანტიკური ხანის სამარხი აღმოაჩინეს. ორმოსამარხი მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და სპეციალისტების თქმით, ძველი წელთაღრიცხვით მე-3-2 საუკუნეებს განეკუთვნება.
სამარხში ნაპოვნია თავის ქალა და დიდი ზომის თიხის არქაული იერსახის წითელკეციანი სამფეხა ჯამი, რომელზეც თავის ქალა იდო.
„არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ქალაქ გურჯაანის ტერიტორია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ყოფილა მჭიდროდ დასახლებული. ამ აღმოჩენას დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გურჯაანის ეთნოგრაფიულ არქეოლოგიურ ფონდსაცავს გადაეცა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.