თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან გააფორმა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს. ერთობლივი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალი იურისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
თბილისის საქალაქო სასამართლო მემორანდუმის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, კავკასიის, საქართველოს ტექნიკურ და საქართველოს უნივერსიტეტებთან. სწორედ ამ უნივერსიტეტების გუნდების მონაწილეობით, 9 მარტს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო სამართლებრივ ოლიმპიადას უმასპინძლებს. სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდს სამართლიანობის სიმბოლო -თემიდა გადაეცემა.
მემორანდუმის ხელმოწერას აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაესწრნენ.