დღეს, 7 მარტს, ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 68 წელი შესრულდა. ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.