სასამართლო ცდილობს ქართული ოცნება და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები რაც შეიძლება სწრაფად დააჯარიმოს, - ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2012 წლის 27 თებერვალს გამოტანილი დადგენილებით, შპს ქართუმშენებლის საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება და ფიზიკური პირი ნუგზარ ხუციშვილი დაჯარიმდნენ 200 ათასი ლარით. კბილაშვილის მტკიცებით, სასამართლომ ნუგზარ ხუციშვილს მართლმსაჯულებაზე უარი უთხრა.
"კონტროლის პალატის დადგენილება ნუგზარ ხუციშვილმა სასარჩელო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 1 მარტს. 2 მარტს ნუგზარ ხუიციშვილმა მიიღო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის განხილვაზე და მოუწოდეს სასამართლოში შეეტანა არა სარჩელი, არამედ საჩივარი. თუკი სარჩელის განხილავს სჭირდება რამდენიმე თვე, და საჩივრის განხილვას 2-3 კვირა. აქედან გამომდინარე სასამართლო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გადაახდევინოს ნუგზარ ხუციშვილს ის თანხა, რომლითაც კონტროლის პალატამ დააჯარიმა", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე მტკიცებით, კანონს არ ეწინააღმდეგებოდა რომ ნუგზარ ხუციშვილს სარჩელი შეეტანა და ამ ფორმით მომხდარიყო მისი საქმის განხილვა.
კბილაშვილმა მოიყვანა უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციაც, რომლის მიხედვითაც თუ პირი დაჯარიმდა დადგენილების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მაშინ თვითონ ეს პირი წყვეტს დადგენილების ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების რომელი ფორმა გამოიყენოს. რეკომენდაციის თანახმად ეს პირი წყვეტს მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასარჩელო განცხადების საფუძველზე თუ მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული საცივრით.
"ამ რეკომენდაციითაც კარგად ჩანს, რომ ნუგზარ ხუციშვილს შეეძლო თავის საქმის განხილვა მომხდარიყო არა საჩივრის, არამედ სარჩელის საფუძველზეც. მიუხედავად იმისა, რომ ხუციშვილის სარჩელს თან ერთვოდა ყველა დოკუმენტი. სასამართლომ მათი დაუსაბუთებეული უგულებელყოფის ხარჯზე ნუგზარ ხუციშვილს თავისი უფლებების ეფექტიური დაცვის უფლება მოსპო. ნიშანდობლივია ისიც, რომ 1-ელ მარტს საღამოს 6 საათზე შეტანილ სარჩელზე სასამართლომ უარყოფითი პასუხი უკვე 2 მარტის შუადღისათვის ჩააბარა ხუციშვილს. მოქმედი კანონმდებლობისა და დღემდე არსებული სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით სარჩელის განხილვაზე ასსამართლოს უარი ისევე როგორც მისი არალოგიკურად ფორსირებული მოქმედება ნათელს ხდის, რომ სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან. ამით ცხადი ხდება ისიც, რომ სასამართლო ყოველმხრივ ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დააჯარიმოს ნუგზარ ხუციშვილი, რითაც უგულებელყოფილია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ რომ ნუგზარ ხუციშვილის დაჯარიმების საფუძველი გახდა კონტროლის პალატის ვარაუდი რომ შპს ქართუმშენებელმა მისი თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მეშვეობით უკანონოდ შესწირა საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებას 20 ათასი ლარი. კონტროლის პალატის დადგენილებით ქართულმა ოცნებამ შპს ქართუმშენებელმა და ფიზიკურმა პირმა ნუგზარ ხუციშვილმა 200-200 ათასი ლარი 30 მარტამდე უნდა გადაიხადოს.