ბიძინა ივანიშვილმა სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საინფორმაციო წყაროებიდან იცის, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზში ეჭვი შეიტანა. ივანიშვილი აცხადებს, რომ სოლომონ ქიმერიძეს სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის მორიგ მსხვერპლია.
"პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა რამდენადაც მე საინფორმაციო წყაროებიდან ვიცი, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ექსპერტიზა ჩაატარა და გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზში ეჭვი შეიტანა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცნობების გარეშეც სიტუაცია ძალიან მარტივია. ქიმერიძე არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშა, რომ აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არა თუ ხაშურის პოლიციის რომელიმე თანამშრომლის დაკავება არ მომხდარა, არამედ ისინი სამსახურიდანაც კი არ გაუთავისუფლებიათ.
მისი თქმით, სახელმწიფოს, რომელსაც კანონიერების დაცვაზე პრეტენზია აქვს, მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა მოეხდინა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა.
"ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რა არის მიზეზი ამ ყველაფრისა. ეს არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი. სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა დანაშაულებრივმა სისტემამ რამდენიმე ადამიანი უკვე იმსხვერპლა და ახლა ქიმერიძის სახით მას კიდევ ერთი დაემატა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.