საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმუხურში მოხდარ ფაქტს ეხმიანება. როგორც საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საოკუპაციო ძალების მიერ ქართული პოლიციის საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალების არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო ტერიტორიიდან გადმოსულმა საოკუპაციო ძალების ექვსმა წარმომადგენელმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან. თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლის შედეგად, რომელიც დაახლოებით ათი წუთი გრძელდებოდა, არავინ დაშავებულა.
თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.