პოეტ ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი, რომელიც დასახლება პერედელკინოში მდებარეობს, კვლავ ფედერალური საკუთრებაში იქნება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დღეს კულტური მოღვაწეებისათვის სახელმწიფო პრემიების გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა.
"კულტურის მრავალი მოღვაწე გვთხოვდა, რომ კვლავ ფედერალურ საკუთრებაში დაგვებრუნებინა პერედელკინოში მდებარე ერთ ერთი მუზეუმი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმედი გვაქვს, რომ ამას კარგი რეზონანსი ექნება", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ პოეტ ბულატ ოკუჯავას სახელობის მუზეუმი, რომელიც დასახლება პერედელკინოში მდებარეობს, დახურვის პირას იყო. ბულატ ოკუჯავას ქვრივის ოლღა ოკუჯავას განცხადებით, მუზეუმმა ფედერალური მუზეუმის სტატუსი დაკარგა და მას ადრინდელი დაფინანსება უკვე აღარ ჰქონდა. ამავე დროს, მუზეუმის შენობის საიჯარო გადასახადი 10-ჯერ გაიზარდა. დახმარებისთვის ბულატ ოკუჯავას ქვრივმა რუსეთის ფედერაციის პრემიერს, ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მიმართა, თუმცა მისი წერილები რუსეთის კულტურის სამინისტროში "გადაამისამართეს", იქ კი ოლღა ოკუჯავასთან შეხვედრა არ ისურვეს.
მუზეუმის დახმარებისთვის სურვილი საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა და არც ის იყო გამორიცხული ოკუჯავას მუზეუმის ისტორიულ სამშობლოში გადმოეტანათ.
ბულატ ოკუჯავას მემორიალური მუზეუმი 1998 წელს დაარსდა. იგი პერეპიოლკინოს დასახლებაში მდებარე იმ სააგარაკო სახლშია განთავსებული, სადაც პოეტმა ცხოვრების 10 წელი გაატარა. მუზეუმში ხშირად იმართებოდა სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შეხვედრები კულტურის მოღვაწეებთან.