საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას - ორ ქვეყანას შორის დიპოლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა. "დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ უკანონოდ მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს.
"ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, "ასევე გამოვდივართ შეთავაზებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნენს შორის", - აცხადებს ლუკაშევიჩი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, რუსული მხარე ყოველთვის მომხრე იყო ორ ხალხს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებისა და მათ შორის კონტაქტების გამარტივებისა.
"თუმცა საქართველოს ხელისუფლების ავანტიურამ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა ეს კავშირები", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა იმ რუსეთის მოქალაქეების საკონსული დაცვის შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოში რაიმე უბედურება ემართებოდათ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებამ მოსკოვს ისიც გაახსენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - "სწორედ ასეთებად მიიჩნევს რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს", - ნათქვამია განცხადებაში.
"რუსეთის მოქალაქეების გულითადად საქართველოში დაპატიჟებით და მათთვის რაც შეიძლება მოსახერხებელი პირობების დაპირებით, მიხეილ სააკაშვბილმა რა თქმა უნდა იცის, რომ საქართველოში მოქმედებს მის მიერ შემოღებული კანონები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოში ჩასვლის შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი ხდება. ეს ეხება ყველას, ვინც ბოლო წლებში ერთხელ მაინც იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - აცხადებს ლუკაშევიჩი.
"ნებისმიერი სოჭში ჩასული დამსვენებელი, რომელმაც ექსკურსიის რამდენიმე საათი დაუთმო აფხაზეთში გადასვლა და რიწის ტბის მონახულებას ქართული კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" დამნაშავეა და მას 2 დან 4 წლამდე თავისფლების აღკვეთა ემუქრება. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე ასე უკვე დაისაჯა", - აცხადებს ლუკაშევიჩი და ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს ორ ხალხს შორის მეგობრობისა და კავშირების გასამყარებლად , მიუხედავად იმისა, რომ "თბილსის ხელისუფლების მიერ აღებული გეზი რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნას ნიშნავს და ქართული სკოლებიდან რუსულ ენას დევნის".
მისივე თქმით, საქართველოში ანგრევენ დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლებს, მიდის ისტორიის გადაწერა და ყველაფერი იხატება ისე, თითქოს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.
"მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რაც შესაძლებელია: აღდგენილია სახმელეთი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. შეუფერხებლად ფორმდება რუსეთის ვიზები, აღარაფერს ვამბობთ უკვე ექსტრემალურ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე, ვახალისებთ კულტურულ და სამეცნიერო გაცვლებს", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
"ვხედავთ ამოცანას იმაში, რომ არ დავუშვათ ჩვენი ძმური ხალხის ისტორიული კავშირის გახლეჩვა და ასეთ კურსს მომავალშიც გავაგრძელებთ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.