რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაკეთდა.
"ჩვენ ვიყავით და ვართ რუსი და ქართველი ხალხებს შორის კავშირის გამყარების მომხრე. მზად ვართ ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ. ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისივე თქმით, "ასევე გამოვდივართ შეთავაზებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნენს შორის", - აცხადებს ლუკაშევიჩი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, რუსული მხარე ყოველთვის მომხრე იყო ორ ხალხს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებისა და მათ შორის კონტაქტების გამარტივებისა.
"თუმცა საქართველოს ხელისუფლების ავანტიურამ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა ეს კავშირები", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა იმ რუსეთის მოქალაქეების საკონსული დაცვის შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოში რაიმე უბედურება ემართებოდათ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებამ მოსკოვს ისიც გაახსენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - "სწორედ ასეთებად მიიჩნევს რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს", - ნათქვამია განცხადებაში.
"რუსეთის მოქალაქეების გულითადად საქართველოში დაპატიჟებით და მათთვის რაც შეიძლება მოსახერხებელი პირობების დაპირებით, მიხეილ სააკაშვბილმა რა თქმა უნდა იცის, რომ საქართველოში მოქმედებს მის მიერ შემოღებული კანონები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოში ჩასვლის შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი ხდება. ეს ეხება ყველას, ვინც ბოლო წლებში ერთხელ მაინც იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - აცხადებს ლუკაშევიჩი.
"ნებისმიერი სოჭში ჩასული დამსვენებელი, რომელმაც ექსკურსიის რამდენიმე საათი დაუთმო აფხაზეთში გადასვლა და რიწის ტბის მონახულებას ქართული კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" დამნაშავეა და მას 2 დან 4 წლამდე თავისფლების აღკვეთა ემუქრება. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე ასე უკვე დაისაჯა", - აცხადებს ლუკაშევიჩი და ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს ორ ხალხს შორის მეგობრობისა და კავშირების გასამყარებლად , მიუხედავად იმისა, რომ "თბილსის ხელისუფლების მიერ აღებული გეზი რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნას ნიშნავს და ქართული სკოლებიდან რუსულ ენას დევნის".
მისივე თქმით, საქართველოში ანგრევენ დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლებს, მიდის ისტორიის გადაწერა და ყველაფერი იხატება ისე, თითქოს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.
"მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ რაც შესაძლებელია: აღდგენილია სახმელეთი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. შეუფერხებლად ფორმდება რუსეთის ვიზები, აღარაფერს ვამბობთ უკვე ექსტრემალურ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე, ვახალისებთ კულტურულ და სამეცნიერო გაცვლებს", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
"ვხედავთ ამოცანას იმაში, რომ არ დავუშვათ ჩვენი ძმური ხალხის ისტორიული კავშირის გახლეჩვა და ასეთ კურსს მომავალშიც გავაგრძელებთ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.