მოსკოვში ცენტრალური ფედერალური ოლქის უახლოესი რეგიონებიდან, 5 მარტის აქციასა და მომხდევნო დღეებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 6 ათასამდე პოლიციელს ჩაიყვანენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.
4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
"იმასთან დაკავშირებით, რომ 5 მარტსა და მომდევნო დღეებში მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარება იგეგმება, რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის გარნიზონის დასახმარებლად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი რაოდენობის პირადი შემადგენლობის ჩართვის შესახებ. ამისათვის დედაქალაქში 6 300 თანამშრომელი უახლოესი რეგიონიდან ჩამოვა", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულ რუსული მედიის ინფორმაციით, 4 მარტს საზოგადოებრივ წესრიგს შს სამინისტროს 36,5 ათასი თანამშრომელი დაიცავს.