"დემოკრატიული მოძრაობა" მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქართულ უფლებადაცვით ორგანიზაციებს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმე და მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხლისუფლებაზე, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯოს სოლომონ ქიმერიძის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშკარად იკვეთება პოლიციის იმ თანამშრომლების ბრალეულობა, რომლებიც კანონით არიან ვალდებულები, რომ უზრუნველყონ დაკავებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე, რომელიც ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც დაკავებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.