"მადნეული" ლიცენზიის გასხვისების შემდეგ პირველ ოფიციალურ განმარტებას აკეთებს. GeoProMining საკუთარ საქმიანობას ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე კვლავინდებურად გააგრძელებს და 2014 წლის შემდეგც საკუთარ აქტივების განვითარებას შეეცდება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საერთაშორისო დივერსიფიცირებული სამთო ჯგუფი GeoProMining მზად არის შეინარჩუნოს საქართველოში თავისი საქმიანობის მართვის მაღალი ეფექტურობა, მანამ, სანამ არ ამოიწურება ლიცენზიის ვადა. ჯგუფი იცავს მაღალ ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს".
კომპანია GeoProMining-ში განმარტავენ, რომ ისინი საქართველოში წარმატებულ მუშაობას აგრძელებენ.
"2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩაატარა აუქციონი მადნეულის და საყდრისის საბადოების ლიცენზიაზე. ეს საბადო მდებარეობს ბოლნისის რაიონში. აუქციონის შედეგად 110 500 000 ლარად (USD 66 მილიონი) გაყიდულ იქნა ლიცენზიები კომპანია სამთო ინვესტიციებზე. ლიცენზია ამოქმედდება 2014 წლის 15 აპრილიდან. GeoProMining მუშაობს საქართველოში 2005 წლიდან და ამ დროის განმავლობაში კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სამთო მრეწველობის განვითარებაში. საერთაშორისო დივერსიფიცირებული სამთო ჯგუფმა ჩადო ინვესტიციები მადნეულში და კვარციტში, რითიც საგრძნობლად გაზარდა ოქროს მოპოვება და სპილენძის წარმოება. ჯგუფი მზად არის განავითაროს აქტივები 2014 წლის შემდეგაც. კომპანია ხედავს საქართველოში დიდ პოტენციალს. აქ ბიზნესის განვითარებისთვის არსებობს კარგი კომერციული, სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო. ამიტომ GeoProMining-მა მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს თავისი საქმიანობა საქართველოში, რაც წაადგება კომპანიას და დაეხმარება ქართულ სამთომრეწველობის განვითარებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.