ესტაკადების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, 3 მარტიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე, ასევე დაიკეტება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზე, ვინაიდან დაიწყება კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ფილარმონიის მხრიდან გმირთა მოედნისკენ სატრანსპორტო ნაკადი ახალი ესტაკადით იმოძრავებს, გაუქმდება შუქნიშანი და მოძრაობა უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.