ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ციკლოპური ნაგებობების ნაშთები, ანუ „დევების ნასადგომარი" აღმოაჩინეს. ციკლოპური ნაგებობები სოფლის სიახლოვეს, ჩრდილო - დასავლეთით, 7 კილომეტრის მანძილზე, ტყეში აღმოაჩინეს, რომელიც ძნელად მისადგომ მაღლობზეა და მცენარეებითაა დაფარული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა, ნაგებობები წარმოადგენს გვაროვნული წყობილების ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 მე-4 ათასწლეულის დროინდელ დასახლებას.
„ასეთ ნაგებობას „ციკლოპურ" ნაგებობასაც უწოდებენ. კახეთში მისი მსგავსი თითქმის არსად არ გვხვდება. ტერიტორია სათანადო არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა.
„დევების ნასადგომარი" მოიცავს 4-5 საცხოვრებელი შენობის ნაშთს, ნაგებია ქვის (1,5 მ X 2 მ) უზარმაზარი ლოდებით. განფენილია დაახლოებით 50-60 მეტრის სიგრძეზე, ერთიმეორის გვერდით.
დასახლების სიახლოვეს, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, ფოთლებით დაფარულ მიწის ზედაპირზე იკითხება საკმაოდ დიდი დასახლების ნაშთებიც, რომელიც, შესაძლოა, გვაროვნული წყობილების დროინდელია. დასახლების მისადგომები დაფარულია, შედარებით ახალი, ქვიტკირის ნაშთებითა და სამაროვნებით.