საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე სოსო ქიმერიძესთან დაკავშირებით, რომელზე საპარლამენტო დებატებისას გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა, განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, ბრალდებული ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.
" პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული სოლომონ გივის ძე ქიმერიძე ქიმერიძე ბინის ქურდობაში იყო ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ გია ცაგარეიშვილმა გუშინ საპარლამენტო დებატებისას განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე.
"იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.