საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღევანდელი დებატებით კმაყოფილია. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი დებატები იყო მაღალი დემოკრატიის სტანდარტი.
"ვფიქრობ, ამ დებატებზე ყველა პარტიამ გამოავლინა თავისი თავი და საკუთარი ღირებულებები. ჩემთვის მნიშვენლოვანი იყო ის, რომ მოვისმინეთ ბევრი დასაბუთებული წინადადება, დასაბუთებული კრიტიკა, ამავდროულად იყო ემოციები და დაპირისპირებაც, მაგრამ მთავარი და ღირებულია ის, რომ მე მოვისმინე მკაფიო გეგმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ყველა ოჯახის მდგომარეობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტისგან მკაფიო ხედვა მოისმინა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში იყოს უკეთესი ჯანდაცვის და განათლების სისტემა, მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს სოფლის მეურნეობა.
"დარწმუნებული ვარ, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ბევრად მეტი ადამიანი იცხოვრებს უკეთ, ვიდრე დღეს არის", - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.