სოციალური დაცვის სისტემა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს არ პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე „ედპ"-ს წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წვრილი ფერმერების კოოპერირების სტიმულირება, გრძელვადინი ხელმისაწვდომი კრედიტები, პროდუქციის სახელმწიფო სუბსიდირება, თანამედროვე ტექნოლოგიები, აგროდაზღვევა არის ქართული სოფელის შენარჩუნების საშუალება.
„სოციალური დაცვის სისტემა არ პასუხობს ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სტუმრობდით ერთ-ერთ ოჯახს და სამართლიანი აღშფოთება გამოთქვით სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო. იქაური მოხელეს საყვედურიც უთხარით, თუმცა იმ ჩინოვნიკმა შეასრულა მინისტრის ბრძანება, სადაც მაგალითად შეფასების კრიტერიუმია ოჯახში არის თუ არა კბილის პასტა, საპონი, და თუ არის ესე იგი ოჯახი შეძლებულია", - მიმართა სააკაშვილის ჩახვაძემ.
დეპუტატის შეფასებითვე, ანალოგიური მდგომარეობაა საპენსიო სისტემაში და რასაც მთავრობა აკეთებს დღეს მომავალში ცუდ შედეგს გამოიღებს, თუ დროზე არ მოხდა სისტემის რეფორმა.
„სახელმწიფოს უნარი უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის საზოგადოებრივი კეთილდღეობის საყოველთაოდ აღიარებული საზომი. ჯანდაცვა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ჯანდაცვა სოციალური პროდუქტია რომელზეც ხელი საზოგადოების ყველა წევრს უნდა მიუწვდებოდეს მიუხედავად მათი მატერიალური მდგომარეობისა. ეს ვერ გაიგო მთავრობამ და ამ მიდგომის შეცვლას ვითხოვთ ჩვენ", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისი თქმით, შენდება თანამედროვე კლინიკები, მაგრამ სამედიცინო ინფრასტრუქტურას საგრძნობლად ჩამორჩება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა.
„რაც შეეხება ჩვენებურ დაზღვევას აქაც ეშმაკი დეტალებში იმალება, რადგან თუ გადავხედავთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაზღვევის მომსახურების პაკეტს დავინახავთ, რომ ჯობია ავად არ გახდე", - მიაჩნია საპარლამენტო უცმირესობის წევრს.