"ქრისტიან-დემოკრატები"სოციალურ სტუდენტურ გრანტებთან დაკავშირებით დადგენილი ზღვარის გაუქმების ინიციატივით გამოდიან. როგორც პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის წლიური ანგარიშის შემდეგ გამართულ დებატებზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, უკვე ორი წელია სოციალური გრანტებზე საუბარი მიდის.
"ორი წელია ამ ტრიბუნიდან ვლაპარაკობ სოციალურ გრანტებზე, იმ იდიოტურ ნორმაზე, რომ სოციალური გრანტები არ უნდა აღემატებოდს მთლიანი სასწავლო გრანტების 10%-ს. ყოველწლიურად განათლების სამინისტროში შედის 2000-მდე განცხადება, კმაყოფილდება 700-800", - განაცხადა ვეფხვაძემ.
დებუტატმა პრეზიდენტს მოუწოდა პასუხი გასცეს ახალციხეში გელაშვილების ოჯახს, რომელთაც 34000 ქულა აქვთ.
"ოჯახი შიმშილის პირას არის, რომელსაც სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა უხდის დახმარებას 80 ლარამდე, რომ შიმშილით არ ამოწყდნენ, მეორე კი მარტოხელა დედას ეუბნება გადაიხადოს სწავლის საფასური 1750 ლარი", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, გელაშვილის მსგავსად 10 ათასამდე ახალგაზრდას ბოლო 5 წლის განმავლობაში შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი თნახის გადაუხდელობის გამო.
გთავაზობთ, გავაუქმოთ ეს 10% ზედა ზღვარი და მთავრობამ და პარლამენტმა საჭიროების მიხედვით განსაზღვრონ სოციალური სტუდენტური გრანტების დაფინანსების ოდენობა", - განაცხადა ვეფხვაძემ.