"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" საქართველო იქნება - ჰიბრიდულ დემოკრატიას პლუს მთელი ქვეყნის ვაუჩერიზაცია. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას ელექტროენერგიის გაიფების იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ახალი ჰესების შესახებ მშენებლობის შესახებ შეიტყო, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათეული ქართული სოფლის დატბორვა არანაირად არ აისახება მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფზე.
"არათუ გაიაფდეს, არამედ პირიქით გაძვირდეს. არიგოს მერე თქვენმა მთავრობამ 20-ლარიანი ვაუჩერები. ისე, ვაუჩერების პირველი დარიგების დროს 100 ათასამდე ოჯახი ვერ მოხვდა სიაში, რადგან 100 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია ჰქონდა მოხმარებული. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ვინც 100 კილოვატზე ნაკლებს მოიხმარს, ის ოჯახი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს", - განაცხადა დეპუტატმა.
ვიცე-სეპიკერის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებსა" და ხელისუფლებას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა, კერძოდ კი, ისინი თვლიან, რომ უნდა გაიაფდეს ენერგომატარებლები, რათა ამუშავდეს ეკონომიკა, შეიქმნას საშუალო ფენა, მაშინ, როცა მმართველ ძალას ურჩევია მოსახლეობა იყოს ღატაკი და ვაუჩერების დარიგებით და შემწეობების გაცემით მართოს ეს ქვეყანა.
"დენის ვაუჩერებს დაემატება ბენზინის, კარტოფილის, ლობიოს, პურის, ზეთის, შაქრის, წიწიბურას ვაუჩერები. ლენინი იძახდა, კომუნიზმი არის სოციალიზმს პლუს მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაციაო, თქვენ და თქვენი მთავრობა მოსახლეობას სთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის საქართველოს - ჰიბრიდულ დემოკრატიას პლუს მთელი ქვეყნის ვაუჩერიზაცია", - აღნიშნა ვეფხვაძემ.