"ედპ" დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის წევრმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტში დებატებზე განაცხადა, დემოკრატიული საქართველო წარმოუდგენელია ძლიერი საშუალო კლასის გარეშე, რომელიც საფუძველია სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური სიძლიერის, საფუძველია პოლიტიკური სტაბილურობისა და განვითარების.
"საუბარი საშუალო კლასზე შეუძლებელია მცირე მეწარმეობის გარეშე, რაც ჩვენს სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს: უარი პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ ნომინირებულ ბიზნესს, უარი მონოპოლიურ ეკონომიკას, უარი მეწარმეობაზე სახელმწიფო წნეხს. ედპ-ის მოდელით, შესაძლებლობათა თანასწორობა გარანტირებული იქნება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობითა და კონკურენტული გარემოთი. სახელმწიფო არა მარტო დაცულს გახდის თავისუფალ მეწარმეობას, არამედ დაეხმარება მცირე ბიზნესს საგადასახადო შეღავათებით, რჩევებით, სამართლებრივი მომსახურებითა და კრედიტებზე ხელმისაწვდომობით", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა დასაქმების გარეშე შედეგის მომტანი არაა, ასევე მთავრობის "ეკონომიკური ლიბერალიზმი" არ ცნობს უმუშევრობის დაზღვევას, დასაქმების უფლებას, შრომის უფლებების დაცვას, სახელმწიფოს აქტიურ როლს შრომის ბაზარზე.
"მთავრობის ეს "ურყევი ნება" არის უპასუხისმგებლო და ამორალური პოლიტიკის გამოძახილი. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს, ეს არის ქვეყანა, სადაც გაფიცვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მეცხრამეტე საუკუნის მიდგომა აქვს", - მიაჩნია ჩახვაძეს.
მისი თქმით, "ედპ"გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რომელიც თავისი რეგიონალური ოფისების მეშვეობით უზრუნველყოფს როგორც უმუშევრობის დაზღვევას, ასევე უმუშევრების რეგისტრაციას და შემწეობების გაცემას, მათ პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, დასაქმებასა და თვითდასაქმებას, ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას.