"ეროვნულ-დემოკრატებისთვის მიუღებელია ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შემდეგ გამართულ დებატებზე საპარლამენტო უმცირესობისა და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება ის თემაა, რომელიც ვალდებულს ხდის ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, საერთო პოზიცია ჰქონდეს.
"ეროვნულ-დემოკრატებისთვის ერთნაირად მიუღებელია მოსაზრება, რომ თურმე საზოგადოება დაიღალა რუსული საკითხით და ასევე მოსაზრება, რომ პუტინი რუსი ხალხის არჩევანია და მათთან სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. ეს ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ქართველები, ჩვენი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლი, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები, ქართულ ეკლესიებში წაშლილი ფრესკები, დავუწვეთ რუსეთს და სანაცვლოდ ვთხოვოთ, გაგვიხსნას თავისი ბაზარი, ისიც არაპროგნოზირებადი", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, "ედპ" პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ყველა იმ ძველ თუ ახალ მეოცნებე პარტიას, რომელთაც პოლიტიკური ამნეზია დაემართათ და მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შედეგი - საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება იქნება.
"მათი საქმიანობა უკვე გასცდა ჩვეულებრივი ოპოზიციონერობის ზღვარს, ესაა ბრძოლა ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აღნიშნა ჩახვაძემ.