„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მთავრობის წევრების სახლების ფოტოები წარუდგინა. როგორც ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს განუცხადა, ის მიხეილ სააკაშვილს კარიერის დასასრულს რეალობაში აბრუნებს.
„ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა. თქვენი კარიერის დასასრულს, მინდა რეალობაში დაგაბრუნოთ და გაგახსენოთ, როგორ დაიწყეთ ეს გზა - ფოტოებით შეიარაღებული, შევარდნაძის მთავრობის წევრებს კორუფციაში ამხელდით, ახლა კი მე მინდა თქვენი თანაგუნდელების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის სახლების ფოტოები გაჩვენოთ. ეს თქვენი პირველი მინისტრის - ვანო მერაბიშვილის სახლია. ეს ბენზინის მაგნატის, ყოფილი მინისტრის, თქვენი მეგობრის, დავით კეზერაშვილის სახლია. ეს კოტე კუბლაშვილის, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენების 99,8 %-იანი მაჩვენებლით იწონებს თავს და საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე გაიყვანა პატიმართა რაოდენობის მიხედვით", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ თბილისელებისთვის დასუფთავების ახალი გადასახადი შემოიღო და მოქალაქეებს, უმძიმესი ზამთრის პირობებში მილიონობით ლარი ამოაცალა ჯიბიდან.
„აქ ბრძანდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რომლის მთავარი საზრუნავი დევნილთა საღებავშეუშრობელი საცხოვრებლების წითელი ლენტის გაჭრაა, და არა ის, თუ როგორ და რა პირობებში იცხოვრებენ დევნილები. თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომლის უწყებაში სასტიკი წამებით მოკლეს შეიარაღებული ძალების ვეტერანი, სერგო თეთრაძე. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, რომელმაც ჯერ არნახულ ნიშნულზე აიყვანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს ციხეებში. მისი მოღვაწეობის შედეგი მხოლოდ გასული წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი 77 პატიმარი. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის გასული წლის საბოლოო მონაცემებს, რომელსაც თვქვენი პარტია ზუსტად ისევე „მიიღებს ცნობად" როგორც წლების მანძილზე აკეტებთ.
იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც თქვენი მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა. 25 000 პატიმარი ციხეში გამოკეტა ათიათასობით კი პრობაციონერად აქცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, რომელმაც გასულ წელს საჯარო სკოლების ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესი განახორციელა. შედეგად - ასეულობით სკოლა დაიხურა და ათასობით პედაგოგი უმუშევარი დარჩა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, თქვენმა „წარმატებულმა" მინისტრმა თბილისის სპეციალიზებული, ლოგოპედური სკოლა დახურა, მეტყველების პრობლემის მქონე 140 ბავშვი და 30-მდე მასწავლებელი ქუჩაში დატოვა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მან პრეზიდენტს მთავრობის წევრების ამსახველი ფოტოები გადასცა და ურჩია, რომ ამ ფოტოებს დახედოს.
„მე 2 წლის წინ, ამ დარბაზში, ხელიდან ხელში გადმოგეცით, ნაცემი და ნაწამები ოპოზიციის მომხრეების სია. ამ სიას ჩახედეთ? რა თქმა უნდა არა! იქნებ ამ ფოტოებს მაინც დახედოთ და აქვე აგვიხსნათ, საჯარო მოხელეება, როგორ აიშენეს ასეთი სასახლეები, როდესაც მოხელეის ხელფასით ეს შეუძლებელია", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.