„ქართული დასის" ლიდრს ჯონდი ბაღათურიას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი როსტომ-ხანს აგონებს. როგორც ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში დებატების დროს განაცხადა, სააკაშვილმა 2-ჯერ ძალადობის გზით მიიტაცა ძალაუფლება, კერძოდ ერთხელ 2003 წელში, როდესაც პარლამენტში შეიჭრა და მეორედ 2008 წლის 5 იანვარს, როცა არჩევნები გააყალბა.
„დღეს თქვენ ვეღარ ელევით მიტაცებულ ძალაუფლებას, თქვენს ინტერესებზე მოირგეთ კონსტიტუცია და ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას სრულიად უკანონო გზით. ამ კონსტიტუციის წინააღმდეგი იყო მთელი ქართული საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, გარდა რამდენიმე თქვენი სატელიტური ორგანიზაციისა", - მიმართა პრეზიდენტს ბაღათურიამ.
მისივე შეფასებით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით სააკაშვილი აგრძელებს ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ცდილობს ბათუმის ცენტრში ააშენოს თურქ-ოსმალთა იმპერიის სულთნის აზიზიას სახელობის მეჩეთი, სიმბოლო ოსმალთა იმპერიის საქართველოზე ბატონობის და დამარცხებისა.
„თქვენ ხშირად ცდილობთ პარალელები გაავლოთ ქართველ მეფეებთან, რომელთანაც არაფერი საერთო არ გაქვთ. თუ რომელიმე მეფეს მაგონებთ ეს არის როსტომ-ხანი, ტომით ქართველი, აღზრდით და ცნობიერებით სპარსი. ამიტომაც თქვენ, ისევე როგორც როსტომ-ხანი თავგანწირვით ებრძვით საქართველოს ეკლესიას, ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ქართულობის ყოველგვარ გამოვლინებას", - განაცხადა ოპოზიცონერმა დეპუტატმა.