"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა საპარლამენტო დებატებისას ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც ანიკაშვილმა განაცხადა, ის რომ ადამიანს ხელში უჭირავს სადაზღვევო პოლისი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის მიიღებს დროულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
"ერთ-ერთ სამშობიარო სახლში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კი ცხადყო თუ რამდენად გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო იყო ხელისუფლების პოლიტიკა სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის თვალსაზრისით. თუ სადმე ირღვევა სალიცენზიო პირობები, თუ არ არის დაცული სახელმწიფო სტანდარტი, ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონოდათ მანმადე, სანამ უბედურება მოხდებოდა. შემდგომი თუმდაც ძალიან მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან, დაგვიანებული რეაგირებაა", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემის მიუხედავად სრულიად აშკარაა ის, რომ სადაზღვევო პოლისის გარეშე ადამიანი საქართველოში კიდევ უფრო დაუცველია.
"ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში არსებული ყოვლად გაუმართლებელი ასაკობრივი კრიტერიუმების წყალობით ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, საშუალო ასაკის ადამიანებს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება. მათი უმრავლესობა ვერ მუშაობს ან მცირეანაზღაურებად სამსახურშია დასაქმებული", - განაცხადა ანიკაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის პროგრამების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ორივე დაავადება შესამჩნევად გაახალგაზრდავებულია, მათი მკურნალობა კი ძალიან ძვირია. "დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფო მკურნალობს დაავადებას უკვე დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც აღარც მკურნალობაა წარმატებული და ხარჯიც ძალიან დიდია".
მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაწიოს კარდიოქირურგიის სახელმწიფო პროგრამის ასაკობრივი ზღვარი და დააფინანსოს პირველი და მეორე სტადიის ონკოლოგიური დაავადებების მკუნალობა ასაკის მიუხედავად.
"წინასაარჩევნოდ მოგიწევთ სოფლის ამბულატორიების მონახულებაც, ზოგი მათგანი მართალია გარემონტებულია, თუმცა ბევრი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია დარჩენილი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ მათი უმრავლესობა დაკეტილია და კვირის განმავლობაში ექიმი სოფელში ერთი ან ორი საათით ახერხებს ჩასვლას. ეს მაშინ როდესაც თანამედროვე მიდგმა მედიცინაში სწორედ დაავადებათა პრევენციას გულისხმობს. თქვენ კი ქმნით სისტემას, სადაც პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით კრიტიკულ მდგომარეობაში თუ ახერხებს მოხვედრას და შემდეგ მისი მკურნალობის ნაცვლად ჯერ იმის გარკვევა იწყება თანხას ვინ გადაიხდის. ეს არის მთავარი კითხვა ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში. ვინ გადაიხდის? არა პაციენტის მდგომარეობა, ექიმის კვალიფიკაცია, მკურნალობის მეთოდები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩვენს სამედიცინო სფეროში არის თანხა. ეს არასწორი სისტემაა. რადგან მის ცენტრში არ დგას ადამიანი, რიგითი მოქალაქე, მისი ჯანმრელობა, მისი განათლება, მისი კეთილდღეობა. დაიწყეთ ფიქრი ამ ადამიანეზე, რადგან ადამიანების გარეშე რეფორმები არ ტარდება", - აღნიშნა ანიკაშვილმა.