დღეს, 20:00 საათზე კამპანიის - "ეს შენ გეხება" - მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს კითხვებს ფეისბუქის მეშვეობით დაუსვამენ. მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა ფეისბუქზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ გადაიცემა. კამპანიის მონაწილეები სწორედ ამ დროისთვის გეგმავენ, დაუსვან პრეზიდენტს შეკითხვები და გააკეთონ კომენტარები იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო.
ფეისბუქზე კამპანიის მონაწილეებმა უკვე გაავრცელეს განცხადება და თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ეხება, აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს: https://www.facebook.com/esshengexeba.
აქციაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფეისბუქზე, კამპანიის "ეს შენ გეხება" გვერდზე: (https://www.facebook.com/esshengexeba).
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მთავარია, დაისვას ბევრი შეკითხვა და გამოითქვას ბევრი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით:
"შესაძლოა, პრეზიდენტმა ამ კითხვებს არ უპასუხოს, მაგრამ მთავარია, ხელისუფლებას დავანახოთ, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამ კანონმდებლობის შეცვლას პრინციპულად ითხოვს", - აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.