სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართავს. სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, მოძრაობის ადვოკატს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დაცვის უფლება შეუზღუდა და მის უკანონო ქმედებაზე დისციპლინარული დევნა უნდა დაიწყოს.
"25 თბერვალს, კიკვიძის პარკში დაკავებულნი იქნენ მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, და სხვები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნულ საქმეში ფაცაციას და მესხის დასაცავად ჩაერთო ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატი ვლადიმერ მაჭარაშვილი. სასამართლოს შენობაში მისვლისთანავე, ადვოკატმა, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლის მეშვეობით მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს, შეატყობინა, რომ იყო ფაცაციას და მესხის ადვოკატი და უნდა განეხორცილებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სამართლებრივი დაცვა, რისი საშუალებაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არ მისცა", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სამოქალაქო მოძრაობაში განმარტავენ, დაცვის უფლება გარანტირებულია, საქართველოს კონსტიტუციით მე-18 მუხლი, ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით 255-ე მუხლი, ადვოკატთა შესახებ კანონით მე-4 მუხლი, ევროპული კონვენციით მე-6 მუხლი და მისი შეზღუდვა რაიმე ფორმით დაუშვებელია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევევბისა.
"აქედან გამომდინარე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უხეშად დაარღვია ადვოკატ ვლადიმერ მაჭარაშვილის უფლებები და არ მისცა საშუალება განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება და უკანონოდ შეუზღუდა დაცვის უფლება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მივმართავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს. მოვითხოვთ დაიწყოს დისციპლინური დევნა მოსამართლე გვრიტიშვილის უკანონო ქმედებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.