უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის/ლიცენზიის გარეშე იწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, 1000 ლარის ოდენობით ჯარიმდება. ამ ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 3000 ლარით ჯარიმდება.
მიღებული გადაწვეტილების თანახმად კი, აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის ფიქსირებული ჯარიმა აღარ იქნება და მხოლოდ ზედა ზღვარი წესდება.
პარლამენტის მიერ მირებული გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის გარეშე, არა უმეტეს 10 000 ლარის ოდენობისა, დაისჯება, ხოლო სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე - არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.
ამასთან, საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ყველა აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა, პირველადი ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაისჯება.