იტალიის ქალაქ მილანში ერთ-ერთ ქუჩას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭება. "მილანის საქალაქო საბჭომ მოიწონა იდეა იმის შესახებ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭოს. სავარაუდოდ ეს უკვე ამ ზაფხულისთვის გაკეთდება", _ აცხადებს "ნოვაია გაზეტას" პრესმდივანი ნადეჟდა პრუსენკოვა.
მანვე აღნიშნა, რომ მილანის ერთ-ერთი ქუჩისათვის "ნოვაია გაზეტას" მოკლული ჟურნალისტის სახელის მინიჭების ინიციატივით ადგილობრივი ჟურნალისტები, უფლებების დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები გამოვიდნენ, რომლებიც ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაცია "Anna viva"-ში არიან გაერთიანებულნი.
"ნოვაია გაზეტას" კორესპოდენტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი. გამოძიების მთავარი ვერსიით, პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს.
რუსი ჟურნალისტი ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
ანა მაზეპა-პოლიტკოვსკაია დაიბადა 1958 წლის 30 აგვისტოს ნიუ-იორკში, სადაც მისი მშობლები დიპლომატებად მუშაობდნენ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა. დაქორწინდა ალექსანდრე პოლიტკოვსკიზე, რომელიც 5 წლით იყო უფროსი და იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა. შეეძინათ ორი შვილი - ილია და ვერა. წყვილი ერთმანეთს დაცილდა, მაგრამ ოფიციალურად არ გაყრილან. 1990 წელს პოლიტკოვსკაიამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.
1982-1993 წლებში მუშაობდა გაზეთებში "Известия" და "Воздушный транспорт". გამომცემლობა Паритет-სა და ხელოვანთა გაერთიანება ЭСКАРТ-ში. 1994-1999 წლებში მუშაობდა "ობშაია გაზეტაში" შემდეგ "ნოვაია გაზეტაში". 2000 წლის იანვარში პოლიტკოვსკაია გაემგზავრა ჩეჩნეთში რეპორტაჟების გასაკეთებლად. მიენიჭა პრემიები: Золотое перо России, Добрый поступок - доброе сердце და Золотой гонг-2000.
პოლიტკოვსკაია ავტორია წიგნებისა: "მოგზაურობა ჯოჯოხეთში", "ჩეჩნეთის დღიური", "მეორე ჩეჩნური", "პუტინის რუსეთი", რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოიცა.