შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილისგან და "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიისგან მიყენებული მატერიალური ზიანის სანაცვლოდ 2 200 000 დოლარს ითხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, შესაბამისი სარჩელი საქალაქო სასამართლოში დღეს შევა.
"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შევიტანთ სარჩელს ეროსი კიწმარიშვილისა და "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის წინააღმდეგ და მოვითხოვთ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. დაზიანებულია ტექნიკა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკანონო მფლობელობაში იმყოფება ნუცუბიძის #93-ში და ვერ ვიყენებთ. ზარალი შეადგენს 2 მილიონ 200 ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, დღეს შეიტანენ სარჩელს შსს წინააღმდეგაც, რომელმაც არ უზრუნველყო ნუცუბიძის #93-დან "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის გამოსახლება.
"ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში შეგვაქვს ადმინისტრაციული სარჩელი, სადაც მოპასუხე არის შს სამინისტრო. ამ სარჩელით მოვითხოვთ გამოსახლებაზე უარის აქტის ბათილად ცნობას. ასევე მზადდება სარჩელი ჟურნალისტების მხრიდან მორალური ანაზღაურების სახით. ვინაიდან ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც ნათლად და არაორაზროვნად წერია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას. ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან არათანაზომიერი ძალის გამოყენებას", - აღნიშნა გაბუნიამ.