1-ლი მარტიდან უპრეცედენტო აქცია იწყება. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" ბანკებში ჩადებული ბინების გამოსყიდვასა და მოსახლეობისთვის დაბრუნებას იწყებს. გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ცენტრის დირექტორი სოფიო ბეროშვილი ამბობს, რომ უკვე მარტიდან ხსენებული ორგანიზაცია აპირებს, მიმართოს აღსრულების ბიუროს და უახლოეს ხანებში ჩანიშნულ აუქციონზე გამოისყიდოს პირველი ბინა.
სოფიო ბეროშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პრობლემის მოგვარებას კერძო სექტორის დახმარებით აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებს გაუგზავნოს წერილები და დახმარებისთვის მინიმუმ 1
ლარი გადარიცხონ ცენტრის ანგარიშზე.
"შემოსავლების სამსახურიდან ამოვიღეთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრირებულია 333 600 მოქმედისაწარმო. ამ აქციის ფარგლებში ყველა მათგანს ოფიციალური განაცხადი დაეგზავნება,მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მეწარმეს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ აქციაში და ყოველთვიურად მინიმუმ 1
ლარი გადმორიცხონ, რათა საკუთარ ხალხს დაეხმარონ.სწორედ ეს მოხმარდება დაყადაღებული ბინების დახსნას", - აცხადებს ბეროშვილი.
მისი თქმით, პირველად, ანუ პრიორიტეტულ კატეგორიაში გადის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები შევლენ, რომელთაც ბინა დაკარგეს მარჩენალის გარდაცვალების, ან სამსახურის გარეშე დარჩენის, ანდა ავადმყოფობის გამო.
მისი თქმით, ასეთი კონტინგენტი დაახლოებით 45 ათასამდეა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა გადაუხდელობის გამო 151 ათას 154 კრედიტორს სახლი გაუყიდეს. რომელთაგან თავშესაფრის გარეშე დარჩენილია 70 ათასამდე ოჯახი.
"2008 წელს ბინა დაკარგა 35 728 ოჯახმა, 2009 წელს _ 38 799 ოჯახმა, 2010 წელს _ 47 889 ოჯახმა, 2011 წლის 9 თვის მანძილზე _ 28 738 ოჯახმა, 2002 წლის პირველი სამი თვის მონაცემები ივნისის ბოლოს გვექნება, თუ რაღაც ხელოვნური ბარიერები არ შეგვიქმნეს.
სულ საცხოვრებლისა და პირადი ქონების გარეშე დარჩენილია _ 151154 ოჯახი. აქედან თავშესაფრის გარეშე დარჩენილია 70 ათასამდე ოჯახი. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ციფრი ყოველთვიურად იზრდება", - აცხადებს ცენტრის დირექტორი სოფიო ბეროშვილი.