ჯონდი ბაღათურია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადამდე ჩატარებით ირღვევა, როგორც ამომრჩევლების უფლება, ასევე თავად საკრებულოს უფლებები, რადგან ისინი არჩეული იყვნენ გარკვეული ვადით.
"არჩევნების გადმოტანას მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხევვაში, თუ არ მოხდება კანონის დარღვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა კანონი, რადგან კანონში გაწერილია რა შემთხვევაში შეიძლება იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტამ", - განაცხადა ბაღათურიამ, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა, თუმცა კომისიის წევრები ბაღათურიას გარეშე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ მის მიერ დაყენებულ საკითხზე და ამტკიცებდნენ, რომ ბაღათურიას შენიშვნა არ არის სამართლიანი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგიელემ ლაშა თორდიამ კომისიის წევრებს მოუწოდა, რომ ბაღათურიას არასერიოზულ განცხადებებს ნუ აჰყვებოდნენ.
"ბაღათურიამ თავის კალაპოტში გადაგვიყვანა და სჯობს ნორმალურ კალაპოტში დავბრუნდეთ და საკითხის განხილვას დაუბრუნდეთ", - განაცხადა თორდიამ.