ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელზედაც ე. წ. სამხრეთ ოსეთში ნარკოდანაშაულთან და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. თათბირს კოკოითის ე. წ. მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
"მაშფოთებს სიტუაცია, რომელიც ნარკოტიკების გავრცელების დანაშაულთან არის დაკავშირებული. თავის დროზე ამ პრობლემას აქტიურად ვებრძოდით, მაგრამ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შესუსტებებია", _ განაცხადა კოკოითიმ.
სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა თავისი ე. წ. სამართალდამცავი ორგანოების ხელმღვანელებს პირადი შემადგენლობის მოქმედებების კონტროლის გამკაცრება დაავალა, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებასთან ბრძოლაში არიან ჩაბმულნი.
ამას გარდა, ოს სეპარატისტთა ლიდერმა გასცა განკარგულება ჯანდაცვის ობიექტების კონტროლის შესახებ, კერძოდ იმ აფთიაქების კონტროლის შესახებ, რომლებიც ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ეფექტის მქონე წამლებით ვაჭრობენ.
"რესპუბლიკაში ეს ბოროტება უნდა დავამთავროთ. არის მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, რომლებიც ამ დანაშაულთან ბრძოლაში სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარებიან, ჯილდოდ 300 ათას რუსულ რუბლს მიიღებენ. მაგრამ ყოველივე კანონიერად უნდა მოხდეს და სასამართლოზე ამ ადამიანებმა იმ ადამიანების წინააღმდეგ უნდა მისცენ ჩვენება, ვინც ადამიანთა სიცოცხლეებს ღუპავს", _ განაცხადა კოკოითიმ.