საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მალაიზიაში დაკავებულ ერთ-ერთ ქართველთან სატელეფონო საუბარი შედგა. კალანდაძის თქმით, სატელეფონო საუბარი ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოხდა.
"ეს ზარი გულისხმობდა გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარებას და ასევე ქართული მხარის ინფორმირებას დაკავებული პირის მხრიდან", - აღნიშნა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესის ჩასატარებლად პრობლემას კომუნიკაციის პრობლემები ქმნის, რადგან მალაიზიური მხარე არ იძლევა ქართული სახელმწიფო ენის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო მათ სასამართლოებში დაშვებული ენა გაუგება დაკავებულთათვის.
შეგახსნებთ, რომ მალაიზიელ კოლეგას უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე. მალაიზიაში იმყოფებოდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციაც, რომელმაც საქმის მასალები ადგილობრივ პროკურატურას გადასცა. მათ შორის ბაბუცა გორდაძის ქმრის, ელდარ დავითიანის ქართველი სამართალდამცავებისათვის მიცემული ჩვენება სადაც მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მალაიზიის პრემიერს წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.
2010 წლის ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.