"ოკუპაციის კვირეული" საქართველოს პარალელურად საბერძნეთშიც აღნიშნეს. ათენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, სანთლებით ხელში, საქართველოს დროშა გამოსახეს და იუნკერების ხსოვნის უკვდასაყოფად ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს. იუნკერების შესახებ ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიც. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ თბილისიდან ტელე-ხიდის საშუალებით მიმართა. მან მძიმე დღეების გახსენებისთვის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ოკუპაციის კვირეული არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეების გახსენება. დღეების, რომელმაც დააკარგვინა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ვიხსენებთ დღეებს, რომელმაც 80 წლით ჩამოაშორა თავისი ბუნებრივი განვითარების მიმართულებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.