საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს გასაბჭოების ამსახველი უნიკალური ციფრული კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნა საქართველოს გასაბჭოების ამსახველი ექსკლუზიური გამოფენა.
კოლექცია შეიცავს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველ პერიოდულ და წიგნად გამოცემებს, საქართველოს გასაბჭოების ამსახველ დოკუმენტებს, მათ შორის მე-11 არმიის გაზეთს, რომელიც კავკასიის გასაბჭოების პერიოდში საველე პირობებში იბეჭდებოდა.
დღეისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთადერთი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც სრულყოფილად ფლობს საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების ამსახველი დოკუმენტების უნიკალურ კოლექციას.
კოლექციის ნაწილი ეხება XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიის ოკუპაციის თემას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "კავკასიის არქეოგრაფიული აქტების" თორმეტტომეულს, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და მასში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა საძიებო ელექტრონული კატალოგი შექმნეს.
"კავკასიის არქეოგრაფიული აქტების" თორმეტტომეული მკითხველისთვის დაბეჭდვისთანავე ხელმიუწვდომელი იყო. იგი მთავარმმართებლის თანხმობით მხოლოდ რუსეთის იმპერიისა და უცხოეთის თვალსაჩინო დაწესებულებებს ეგზავნებოდა. იგი გაყიდვაში არასოდეს ყოფილა, მხოლოდ ჩინოვნიკთა ხელში მოხვდა. საბჭოთა პერიოდში "კავკასიის არქეოგრაფიული აქტების" თორმეტტომეულს რარიტეტის სტატუსი მიეცა და ერთ-ერთი იშვიათი გამოცემა გახდა.
გამოცემის ციფრულ ფორმატში გადატანამ და საძიებო სისტემის შექმნამ იგი ყველა ინტერნეტმომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ახალი საძიებო სისტემა მკითხველს საშუალებას აძლევს "კავკასიის არქეოგრაფიული აქტების" თორმეტტომეულში შესული დოკუმენტები სხვა წყაროებს შეადაროს, ისინი საკვანძო სიტყვებით, თემატიკით, სათაურით, შექმნის თარიღით და რაც მთავარია, ქართულ ენაზედაც მოიძიოს.
25 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. 1931 წლის 25 თებერვალს ბიბლიოთეკა 20 წლის შესვენების შემდეგ კვლავ გაიხსნა მკითხველებისთვის. საბჭოთა საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას სურდა 25 თებერვალი საბჭოთა საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების თარიღი გამხდარიყო და ბიბლიოთეკას სწორედ ამ დღის უკვდავსაყოფად 25 თებერვლის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა უწოდეს.
ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორი გიორგი გეხტმანი ბიბლიოთეკის სასწრაფო წესით გახსნას წინ აღუდგა. მას არ სურდა, ეს მოვლენა საქართველოს ოკუპაციის დღეს დაჰკავშირებოდა. ეს გახდა მისი განთავისუფლების მიზეზი.
საქართველოს გასაბჭოების ამსახველი უნიკალური ციფრული კოლექციის პრეზენტაციასთან ერთად გახსნილი საქართველოს გასაბჭოების ამსახველი პერიოდული გამოცემების ექსკლუზიური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 27 თებერვლამდე გაგრძელდება.