ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია. კანდიდატთა წარდგენა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
საარჩევნო კომისიაში არსებული სამი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 6 კანდიდატი იბრძოლებს.
"პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან თამაზ შარმანაშვილი და ზურაბ ლომიძე, მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - გიზო მჭედლიძე და ზაალ ზაალიშვილი, ხოლო მესამეზე - კონსტანტინე კირვალიძე და მევლუდ კუხიანიძე", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ დეკანოიძემ.
ცესკო-ს წევრებს პარლამენტი, სავარაუდოდ, 15 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით საკონკურსო კომისიაში სულ 41 განაცხადი იყო შესული.