პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" პროტესტს გამოთქვამს ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების გამო, რომელიც კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვას და იქ პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდა. როგორც კოალიციის პრესსამდივნოს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლებენ.
"კოალიცია „ქართული ოცნება" თანადგომას უცხადებს და ბოლომდე დაიცავს კონსერვატიული პარტიის წევრის, საზოგადოებრივი მოძარობა „ქართული ოცნების" ეკოლოგიის ქვეჯგუფის თავმჯდომარის ლაშა ჩხარტიშვილის უფლებებს.
და კიდევ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება თავად ატარებდეს გარემოს დაცვის ღონისძიებებს, აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ყველა მოქმედებას", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.
კოალიციაში ირწმუნებიან, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, "გარემოს მიმართ უდიერ მოპყრობას ბოლო მოეღება".
შეგახსენებთ, რომ ლაჩა ჩხარტიშვილი დღეს დააკავეს კიკვიძის ბაღში, სადაც ის ხეების გაჩეხვის ფონზე პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდა.