თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსს არის ბოჭოიძეს საპატრიარქოსთან მდებარე კაზინო "შანგრილას" მშენებლობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
"ხელისუფლება მუდმივად ამბობს იმას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის არქიტექტურული იერსახე, რომ ეს მისთვის წმინდა და საკრალური საკითხია, თუმცა მოქმედებს აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპით, რისი ნიმუშიც გახლავთ კაზინო "შანგრილა" რომელიც ლამის საპატრიარქოს გალავანს არის მიშენებული და ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაცია არ გაუვლიათ თვითონ საპატრიარქოსთან", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მეორე და ასევე მწვავე თემაა ის, რომ ეს შენობა აგებულია ყველა სტანდარტის და წესის დარღვევით ქალაქის ყველაზე ფაქიზ ქსოვილში,
"ამიტომ მე ვითხოვ პასუხს არქიტექტურის სამსახურის უფროსისგან, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა, როცა ამ სიმახინჯის აშენების უფლებას აძლევდა მშენებელს." - განაცხადა ზაზა გაბუნიამ