ENG / RUS       12+

ირინა სარიშვილი: ივანიშვილს მხოლოდ მაშინ შეეძლება მოგება, თუ უზარმაზარ ფინანსებს და კავშირებს სასწორზე შეაგდებს

რესპოდენტის შესახებ

ბიძინა ივაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქართული პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩამოყალიბდა ორი პოლუსი - ხელისუფლების და ივანიშვილის გუნდების. დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი ერთგვარად თამაშს გამოეთიშნენ. არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად "ჯი-ეიჩ-ენი" პარტია "იმედის" ლიდერს, ირინა სარიშვილს ესაუბრა.

- ზოგადად, მდგომარეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ არის პოლიტიკაში შექმნილი, იმ მოლოდინს ჩამოუვარდება, რაც თავიდან იყო. მისი პოლიტიკაში შემოსვლისთანავე გაჩნდა მეორე პოლუსი და რეალური განცდა იმისა, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ძალების გადანაწილება იქნება მკვეთრად ორპოლუსიანი. მაგრამ შემდგომი ნაბიჯები ივანიშვილის მხრიდან, იმისდამიუხედავად, პროგნოზებს ექვემდებარება თუ არა, საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. პირველ ყოვლისა, დაბნეულობას იწვევს მისი გარემოცვა, მეორე მხრივ, დაბნეულობა გამოიწვია ივანიშვილის რამდენიმე განცხადებამ, სადაც ის ლაპარაკობს მჭიდრო კავშირზე დღევანდელ ხელისუფლებასთან და აქტიურ მონაწილეობაზე როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში. დაბნეულობას იწვევს გაუგებარი პასიურობა, რომლითაც მისი გარემოცვა ხასიათდება. მიუხედავად ამისა, რჩება იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ეს არის ერთადერთი ძალა, რომელმაც შეიძლება დღეს დაამარცხოს სააკაშვილი. უბრალოდ, ეს მოლოდინი იმ სიმაღლის აღარ არის, რაც აქამდე იყო.

- დაბნეულობა ახსენეთ... კონკრეტულად რომ თქვათ, თქვენი აზრით რამ დააბნია საზოგადოება?

- დაბნეულობა, პირველ რიგში, გამოწვეულია გარემოცვით, რადგან არჩევანი, რომელიც გააკეთა "რესპუბლიკელებზე", აბსოლუტურად გაუგებარია როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვისაც. ამ ადამიანების იდეოლოგია - არამხოლოდ იმიტომ, რომ გუშინდელი სააკაშვილის თანაგუნდელები არიან - არანაირად არ განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგიისგან. ისედაც დისკრედიტირებულ ოპოზიციაში "რესპუბლიკელებს" ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიაა. გაუგებრობას იწვევს ის პასიურობა, რომლითაც ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს ხვდებიან როგორც ივანიშვილი, ასევე მისი მომხრეები. ერთადერთი აქტიურობა, რაც შეიმჩნევა, არის ის, რომ აგროვებდნენ ხელმოწერებს მოქალაქეობის აღდგენის მიზნით. ჩემთვის თავიდანვე გასაკვირი იყო, თუ რატომ ვერ იქნა გათვლილი მოქალაქეობის საკითხი ივანიშვილის მხრიდან. მისმა შერჩეულმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ, თვითონვე თქვა, რომ პროცედურულად, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას კანონი არ დაურღვევია ივანიშვილთან მიმართებაში. საინტერესოა, რატომ არ არის ეს იურიდიული პროცედურა მიყვანილი ბოლომდე, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებაში რაღაცა გარკვეული მუხტი მაინც შეიქმნას თუნდაც ამ საკითხზე. მიმდინარე პროცესებთან ერთად, ჩემთვის არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის გამჩენი ივანიშვილის გადაწყვეტილება თავისი მეუღლის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ეკატერინა ხვედელიძე შეიძლება დაინიშნოს პარტიის თავჯდომარედ. გასაგებია, რომ მოქალაქეობის ვერმიღების შემთხვევაში ის თვითონ არც მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ხაზგასმით ვამბობ, რომ მე ამ ქალბატონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვერც მის პოლიტიკურ გამოცდილებას დავიწუნებ, რადგან პოლიტიკური გამოცდილება ერთნაირად არ აქვთ არც მის მეუღლეს და არც თვითონ. თუ ცოლმა შეცვალა ივანიშვილი, რასაც თავად ივანიშვილი არ გამორიცხავს, ფაქტია, რომ პირველი პირის ამბიციები მოხსნილია. ანუ განთავისუფლებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატურების ადგილები. ჩნდება აბსოლუტურად სწორი შეკითხვები, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი.

- ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. როგორ ფიქრობთ, მონსტრთან, როგორც ხელისუფლებას თავად უწოდებენ, რამდენად მოახერხებს თანასწორ ბრძოლას პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანებით ბიძინა ივანიშვილი?

- ესეც არის ერთ-ერთი მძიმე შეცდომა, რომელიც მოსდის ივანიშვილს და სართოდ ბევრია ასეთი შეცდომა. მე არ ვიცნობ ივანიშვილს პირადად, არ ვიცი, ჰყავს თუ არა მრჩევლები და იცის თუ არა სხვისი მოსმენა და სხვისი აზრის გათვალისწინება. ქართველებს ახასიათებს - არა მარტო პოლიტიკაში, არამედ სხვაგანაც - თუ ადამიანი ერთ რამეში წარმატებულია, უჩნდება ამბიცია, რომ ყველა საქმის გაკეთება ასეთივე წარმატებით, დახმარების გარეშე შეუძლია. თუ ასეა, ივანიშვილის შემთხვევაში ძალიან ცუდია, თუ არადა, მაშინ მან სანამ ჯერ კიდევ არის დრო, კარგად უნდა გადახედოს თავის შეხედულებებს როგორც საკადრო, ასევე გეგმების თვალსაზრისით. გეტყვით, რას ვგულისხმობ. საიდან მოდის მოლოდინი იმისა, რომ მომავალი არჩევნები დამთავრდება ისე, როგორც ხალხს უნდა - ივანიშვილისგან ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ვიგებთ. გაურკვეველია, რა უნდა შეიცვალოს ამისთვის. ხელისუფლება არ აპირებს არანაირი რადიკალური ცვლილებების შეტანას არც თავის მოქმედებებში და არც საკადრო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია საზოგადოებაში ამ აზრის დათესვა, რომ არჩევნები დამთავრდება ისე, როგორც ხალხს სურს. ივანიშვილის თანამოაზრეები დაუფარავად აცხადებენ ინტერვიუებში, რომ პირველ-მეორე ადგილებს, სავარაუდოდ, გაიყოფენ ივანიშვილის კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა. იბადება შეკითხვა: თავისთავად ამ განცხადების გაკეთება რამდენად სწორია, რას მოგვცემს ადგილების გაყოფა, იმისდა მიუხედავად, ვინ გავა პირველზე და ვინ მეორეზე, რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადება, რომ დიდი სიამოვნებით იქნება პარლამენტის თავჯდომარე. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ნაკლებად სჭირდება, შეფერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. პარლამენტის თავჯდომარის პოსტი მისთვის ბევრად მაღალი საფეხურია, ვიდრე თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარეობა იყო. აქედან გამომდინარე, ორი ვარიანტი გვრჩება: 1. ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პოლიტიკური გამოუცდელობის შედეგად დაშვებული შეცდომები და დავიტოვოთ იმედი, რომ ის შეისმენს ვინმეს საუბარს; 2. ეს ყველაფერი არის არა შეცდომა, არამედ იმ კონკრეტულ ძალასთან შეთანხმებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც თავის დროზე ხელისუფლებაში მოიყვანეს სააკაშვილი და რომლებიც ყველაზე კარგ შემთხვევაში არანაირად არ დაუშვებენ იდეოლოგიურად ამ ხელისუფლების შეცვლას, ანუ შესაძლოა სახელები და გვარები შეიცვალოს, მაგრამ ქვეყნის მიმართულება როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საგარეოში გაგრძელდება ისე კატასტროფულად, როგორც ახლაა. ამ პროცესების იძულებით გვერდიდან მაყურებელმა, ძალიან კარგად ვიცი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა, თვალი დახუჭოს რესპუბლიკელებზედაც, იდეოლოგიურ თანხვედრაზედაც, ბიძინა ივანიშვილის არაპოპულარულ განცხადებაზედაც, რომ მან დააფინანსა ვარდების რევოლუცია, შეინარჩუნა ვანო მერაბიშვილი და მისი ყოფილა საგადასახადო კოდექსი, იმ პირობით, რომ ოღონდ სააკაშვილი აღარ იყოს ვიზუალური გამაღაზიანებლის როლში. ამაზე შორს საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, არ მიდის. სათქმელია ისიც, რომ ძალიან ხშირად მოჰყავთ ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოში დემოკრატია აღარ ყოფილა. ჩვენ, ეტყობა, რაღაც დაგვემართა: რისი გაგონებაც გვინდა, ის გვესმის და როგორი სურვილიც გვაქვს, ისე ვხედავთ ყველაფერს. არც ერთი ამერიკელი, არც ჰილარი კლინტონი თუ სხვა მოქმედი ან ყოფილი პოლიტიკოსი, არ გააკეთებს არც ერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე განცხადებას, მით უმეტეს, იმ ადამიანზე, რომელიც თვითონ მოიყვანა, რომ მისი მონაწილეობა ხელისუფლებაში და პოლიტიკაში არის დემოკრატიის დეფიციტის ნიშანი. კლინტონის ამ განცხადებაში შავით თეთრზე არის ნათქვამი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად დარჩენა არის დემოკრატიის დეფიციტის ნიშანი. ფაქტია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის შიში აქაც არავის აქვს.

- ამ შემთხვევაში გაამართლებს თუ არა მესამე ძალის შექმნა?

- გამოსავალი არის მესამე ძალის შექმნა, მაგრამ ესეც ძალიან მოსასინჯია. მესამე ძალის შექმნაზე არის საუბარი ნათელაშვილის, ბურჯანაძისა და კუკავას მხრიდან, მაგრამ მათი მხრიდან ამ ძალის შექმნა ძალიან მყიფე მგონია. 26 მაისს გამოჩნდა, რომ შესაძლოა კრიტიკულ მომენტში ამ ადამიანებმა, დაწყებული ბურჯანაძით, დამთავრებული ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსით, იპოვნონ საკუთარ თავში ძალა - გადალახონ პირადი ამბიციები, დაუთმონ თუნდაც ერთმანეთის სურვილის და მოწონების გარეშე ვიღაცას რაღაცა და არ გააფუჭონ საქმე. 26 მაისს ასეთი საქმის გაფუჭება ჩვენ ვნახეთ. პოლიტიკური მსხვერპლი ყველაზე მეტად აღმოჩნდა ბურჯანაძე, მაგრამ მასაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ის ერთობა, რაც შეიძლება შემდგარიყო თუნდაც ხანმოკლე დროით, არ შედგა. შალვა ნათელაშვილი საერთოდ ცალკე მოვლენაა და არც არის მასზე საუბარი. თუ მოხდა სასწაული და მესამე ძალა ჩამოყალიბდა, საინტერესოა, რას იზამს ეს ძალა. თუ ისინი აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს არის პირდაპირ სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა, რადგან ასეთი ტიპის ძალა ხმას გაუყოფს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" გაცილებით ნაკლები გაყალბება დასჭირდება პირველ ადგილზე გასასვლელად. თუ ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ეს უნდა იყოს კეთილშობილ რაინდთა გაერთიანება, რომლებიც ხმას არ ამოიღებენ არჩევნებამდე პერიოდში და თუ დაინახავენ, რომ ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ დათმო პოზიციები იქამდე, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის თანამდებობრივი შენარჩუნება ხდება, დაიწყონ ქუჩის აქციებს და არჩევნების შედეგების გაპროტესტება. იმიტომ ვამბობ ირონიით "კეთილშობილ რაინდებს", რომ ისინი ამ არჩევნებით რეალურად ვერაფერს მიიღებენ და მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გუნდის ხმებს დაიცავენ, რაც წარმოუდგენელი და გამორიცხულია. ბევრმა ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა მთხოვა, თავი შემეკავებინა ასეთი პროგნოზების გაკეთებისკან. მე ჩემი ნათქვამით არ ვიწვევ პროცესებს. მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ადამიანი რომ დაფიქრდეს, ამ აზრამდე მივა. მე ერთი რამ მაშინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი და ამის დიდი შანსია, საბოლოოდ ღრმა დეპრესიაში არ ჩავარდეს საქართველოს მოსახლეობა.

- იქნებ განმარტოთ, ცუდად დასრულებაში რა იგულისხმეთ და რამდენად მოსალოდნელია, რომ პროცესები ისე არ წარიმართოს, როგორც ეს საზოგადოების დიდ ნაწილს სურს?

- ცუდად დასრულება ნიშნავს იმედგაცრუებას იმ მოლოდინისა, რომლის ხარისხიც ნაწილობრივ უკვე დაცემულია. ცუდად დასრულებაში ვგულისხმობ იმას, რომ მოხდეს მომავალი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებების შერევა და არა შეცვლა, რისკენაც ეს ყველაფერი მიდის და ამას გულისხმობს პირველ-მეორე ადგილების განაწილებაც. კიდევ უფრო მძიმე დარტყმა საზოგადოებისთვის იქნება, თუ სააკაშვილმა მოახერხა გარეთ და შიგნით იმის მიღწევა, რომ პარლამენტის თავჯდომარის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. ძალიან კარგად ვიცით, მომავალ კონსტიტუციაში რა ადგილი უჭირავს პარლამენტს და მთავრობას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, კონსტიტუციის ახალი ვარიანტის მიხედვით, იმდენად ძალაგამოცლილია საპრეზიდენტო ინსიტუტი, რომ მას აბსოლუტურად შეეფერება ალასანია. სიცარიელეში ისეთივე სუსტი იქნება ალასანია, როგორიც აღმოჩნდა პოლიტიკური ფიგურა. მე, მართალი გითხრათ, ამ ხელისუფლებისგან განთავისუფლების ერთადერთ გზას, სამწუხაროდ, რევოლუციას მივიჩნევ. არ მაქვს შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკი. ივანიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება მოგება, თუ თავის უზარმაზარ ფინანსებს და კავშირებს სასწორზე შეაგდებს და გააკეთებს რამეს არა ვინმეს კარნახით და მესამე ძალის ლოდინით, არამედ ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უნდა დააყენოს თავისი თავი ასეთი დარტყმის ქვეშ მილიარდერმა, რომელსაც რამდენიმე ათეული თაობით გარანტირებული აქვს ის ცხოვრება, რისთვისაც, ზოგადად, იბრძვის ადამიანი. არჩევნების შემდეგ რაღაც ცვლილებები მოხდება და, სავარაუდოდ, განთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, მათ შორის, ჩემი მეგობრები, რაც ძალიან მახარებს.

- როგორც თქვენ თქვით, საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის გუნდის წევრები თანხმდებიან ხელისუფლებასთან პირველ-მეორე ადგილის გაყოფაზე. გასათვალისწინებელია ფულის ფაქტორიც, რომელიც ივანიშვილს საკმაოდ აქვს. როგორ ფიქრობთ, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ივანიშვილის გარშემო არიან, იდეოლოგიის გამო იმყოფებიან თუ ფულის?

- რომელ იდეოლოგიაზეა საუბარი, ვერ ვხვდები. პოლიტიკური პროგრამა და პლატფორმა თვითონ ივანიშვილისა ჩვენ არ მოგვისმენია. რაც შეეხება თავიდანვე შერჩეულ და დღემდე გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლებით იქ მყოფ "რესპუბლიკურ" პარტიას, მათი იდეოლოგია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. თუ ეს იდეოლოგია მოსწონდა კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურს და სხვებს, მაშინ გაუგებარია, ივანიშვილი რატომ გახდა მაინცდამაინც "რესპუბლიკელებთან" მათი დაახლოების მიზეზი. თუმცა ვერ გეტყვით, რომ აქ მაინცდამაინც ფულია გადამწყვეტი. მათთვის გადარიცხული თანხა, რომელიც მილიონ ასი ათასს შეადგენს, 2-ჯერ ან 3-ჯერ ნაკლები რომ ყოფილიყო, შეიძლება ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩენილიყო კონრეტული ადამიანებისთვის. არ არის ლაპარაკი ფულის რაოდენობაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ფულის რაოდენობაში ჩანს ძალა. ნათლად წარმომიდგენია "რესპუბლიკელების" ლექსიკონი ივანიშვილის მისამართით იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ამ პარტიას გვერდით არ დაიყენებდა ფულითაც და პოლიტიკითაც. კარგად მახსოვს, რას ეძახდნენ ბადრი პატარკაციშვილს და მისნაირებს - ფულის ტომრებს და თავის დროზე ივანიშვილიც ხვდებოდა ასეთ სიაში. საკმარისია, რომ ერთ-ერთი "რესპუბლიკელი" მაინც გამოგდებული იყოს იმ გარემოცვიდან, რომ სწორედ ასეთი ტექსტებია მოსალოდნელი. თუმცა არა მგონია, ივანიშვილი შვიდიოდე "რესპუბლიკელს" რომ არ ელანძღა, ამიტომ დაეყენებინოს გვერდში. ალბათ, უფრო სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე, უფრო სერიოზულთან.

- ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. აშშ-ისა და სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში 2012 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას მოელიან. როგორია თქვენი პროგნოზი, ჩატარდება თუ არა არჩევნები სამართლიანად?

- მე არ ვიცი რისი იმედი აქვთ ამერიკელებს. ისინი, რა თქმა უნდა, ჩემზე მეტად არიან ინფორმირებულები, თუ რა ხდება სააკაშვილის ხელისუფლებაში. სააკაშვილის თავში რა ხდება, ამაზე ინფორმაცია ნაკლებად ექნებათ, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს. ერთადერთი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ყველა დარჩეს კმაყოფილი, ანუ კრება იყოს მხიარული, ეს არის, თუ შეთანხმება მიღწეულია დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ეს შეთანხმება არ დაირღვა. სხვა კრიტერიუმები არ არსებობს, რომ შეიცვალოს ხელისუფლების მოქცევის წესი არჩევნებში, მით უმეტეს, თუ ორთქლმავალი სააკაშვილის სახით (როგორც პრეზიდენტი) არ ჰყავთ და დიდი საფრთხე არსებობს მათთვის, რომ დაკარგავენ ცხოვრებას. წლების განმავლობაში მმართველი პარტიის კონკრეტულმა ადამიანებმა იმდენი ცუდი რამე გააკეთეს, რომ ისინი მარტო ხელისუფლებას და პოლიტიკას კი არ დაემშვიდობებიან, მათ შეიძლება ქუჩაში გამოსვლაც კი გაუჭირდეთ. თუკი რაიმე საარჩევნოდ აგრესია შეიძლება მოსალოდნელი იყოს ამ ხელისუფლებისგან, ყველაზე დიდი კონცენტრაციით ის იქნება დღეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაყალბებით და გაუყალბებლად განაწილებულ პირველ-მეორე ადგილებს ვინც შეხვდება მშვიდად, ე.ი. მისთვის ეს შედეგები დამაკმაყოფილებელია.

- დაბოლოს, ჩაერთვება თუ არა ირინა სარიშვილი აქტიურ პოლიტიკურ პროცესში?

- ძნელად წარმომიდგენია, რომ ასე მოხდეს. იყო იმის ვარიანტი, რომ მე ამ პროცესებში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ვითარდება მოვლენები, რომ ვერც მე ვხედავ ჩემს ადგილს ამ შექმნილ ვითარებაში. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა: სადაც "რესპუბლიკელები" არიან, მე ვერ ვიქნები და ეს იციან პირველ რიგში "რესპუბლიკელებმა". დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი და ვიკამათებდი ივანიშვილთან, რომ ეგებ რაღაცაში აზრი შეცვლილიყო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ის პროგნოზები, რაც ბევრი წლის განმავლობაში კეთდება ჩვენი მხრიდან, სამწუხაროდ, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ რეალობაა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

ავტორი: . .